ახალციხის ციხეზე ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ახალციხის მერი, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ სტუმრებმა ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის პავილიონები დათვალიერეს.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“ წელს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო. ფესტივალზე ადგილობრივმა და მოწვეულმა ოსტატებმა ახალციხის ციხის ქვედა ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩური ნაწარმი წარადგინეს. პროექტში მონაწილეობა ხელოვანებმა მსოფლიოს 8 ქვეყნიდან მიიღეს. ჩატარდა მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეებში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 20-მდე პავილიონმა იმუშავა, სადაც მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან გამოიფინა. ფესტივალის მონაწილე მუზეუმებმა სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამები სამი დღის განმავლობაში შესთავაზეს. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხალიჩურ ნაწარმზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
„ხუთი წელია საქართველოში ვცხოვრობ. მე მაქვს პროექტი, რომელსაც ქართულად ჰქვია „გადაქსოვილი“. ვმუშაობ აზერბაიჯანის საზღვართან, სოფელ ბორჩალოში ადგილობრივ ქალბატონებთან. ჩვენ დავიწყეთ ტრადიციული ფარდაგების აღდგენა. ადგილობრივი ქალბატონები ქსოვენ ხელით . იყენებენ ბუნებრივ საღებავებს და სწორედ ამ საქმიანობის შედეგები გვაქვს წარმოდგენილი გამოფენაზე“ – განაცხადა ფესტივალში მონაწილე რაიან სმიტმა.
ხალიჩების ფესტივალის პარალელურად, ახალციხემ Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნით გალა-კონცერტს უმასპინძლა. წელს ორივე ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში გაიმართა. ხალიჩების ფესტივალი 12 ივნისს დასრულდა.