ახალციხის ციხეზე ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ოფიციალური გახსნა, 11 ივნისს 15:00 საათზეა დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები დღეს, 10 ივნისსაც გაიმართა.
ციხის ციტადელზე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით, კონფერეცია მოეწყო, რომელსაც 10 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის შემდეგ სტუმრებმა ახალციხის ციხის ზედა და ქვედა ტერიტორიებზე გამოფენილი ხალიჩა–ფარდაგები დაათვალიერეს. განსაკუთრებული ადგილი უკავია მუსხის სკოლა–მუზეუმის ნამუშევრებს, რომელიც მესხურ ოდაშია გამოფენილი. ხვალიდან აქ სტუმრებს მარიამ ჟუჟუნაძე უმასპინძლებს. აღსანიშნავია ისიც რომ ოდაში მხოლოდ ხელით მოქსოვილი ხალიჩა–ფარდაგებია წარმოდგენილი.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 20–მდე პავილიონია გახსნილი, სადაც ხალიჩა–ფარდაგები და სხვა ნივთები მსოფლიოს რვა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი. ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში, ასევე ჩართულნი არიან მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი რაბათში ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ახალციხის მერი, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გაიმართება კონფერენცია, რის შემდეგაც ისინი გამოფენილ ნამუშევრებს დათვალიერებენ.
17:00 Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება.
წელს ორივე ფესტივალი პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში ეწყობა.