ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ოფიციალურად, 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მამა ბერიკაშვილი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორები და სტუმრები დაესწრებიან.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური გახსნის შემდეგ ფესტივალის პავილიონების დათვალიერება მოხდება.
წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით, „Check In Georgia”–ს ფარგლებში იმართება.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ციხის ქვედა ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩებს გამოფენენ.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები რვა ქვეყნიდან (ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, თურქეთი).
ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან.
საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.
ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის ვიზიტორს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს შესთავაზებენ.
ფესტივალის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციას გამართავს სახელწოდებით „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება”. კონფერენცია ახალ სამეცნიერო კვლევებს მოიცავს; ხალიჩებისა და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებსა და ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ დისკუსიებს მოაწყობენ.
რაბათის ციხეზე ზედა ნაწილში დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმის კოლექციიდან.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში ასევე ჩართულნი არიან: მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად, 11 ივნისს, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა.