ახალციხის მერია პლატფორმა „დაიცავი თავისუფლებას“ მიერ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეცხრე არხი” უცვლელად გთავაზობთ.
“პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“ ორაგნიზატორების მიერ ადგილობრივ და ცენტრალურ მედია– საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ახალციხის მერია ხელს უშლის ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას, ახალციხის მერია კატეგორიულად ემიჯნება და უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ახალციხის მერიაში შემოსულ – ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის მიმართვაში არ იყო მითითებული ღონისძიებების მიზანი. მერიისთვის არ იყო ცნობილი , ეძღვნებოდა თუ არა პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“–ს მიერ ორგანიზებული კონცერტი რაიმე კონკრეტულ საკითხს, ამ შემთხვევაში – ევროინტეგრაციის თემებს, ანტირუსულ პროპაგანდას თუ რაიმე სხვა მიზანს. წინამდებარე საკითხის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ ღონისძიების ორგანიზატორებს, რაც მათ მიერ არ იქნა განხორციელებული. ორგანიზატორს მითითებული ჰქონდა მხოლოდ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტის გამართვა.
გვაქვს საფუძვლიანი
ეჭვი იმისა, რომ გარკვეული ძალები თუ მედია–საშუალებები განზრახ
ცდილობენ აღნიშნული საკითხის სხვა კონტექსტში განხილვას და
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ხაზგასმით
აღვნიშნავთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს
ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ქართველი ხალხის სწრაფვას ვიყოთ
ევროპის ნაწილი და აღნიშნულის მხარდასაჭერად თვითმართველობის
ჩამოყალიბებიდან დღემდე არაერთი ღონისძიება გაიმართა მერიის ეგიდით,
მაგალითად : ევროინტეგრაციის კვირეულის ფარგლებში სახელწოდებით
„გავაცნოთ ევროკავშირი სკოლებს“; „ესეების’ კონკურსი ევროკავშირის
შესახებ; ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? , სადაც კითხვები იყო
ევროკავშირის შესახებ; “ახალციხის ციხეზე“ ჩატარდა „ფორტ ბოიარდი“ და
ა.შ. ახალციხის მერია ასევე საზეიმო ვითარებაში შეხვდა
ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას და მხარდამჭერი აქციით
შეუერთდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის მერია საზოგადოებას და კონცერტის ორგანიზატორებს მიმართავს, თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისა და დაძაბული ფონის შექმნისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს” – ნათქვამია განცხადებაში.