ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პლათფორმას “დაიცავი თავისუფლება” კონცერტის გასამართად ახალციხის მერიისგან ოფიციალური ნებართვა არ მიუღია, ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ახალციხეში მაინც იმღერებს. პლათფორმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანონის შესაბამისად, მერიას არ აქვს უფლება, მათ უფასო კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრას.
პლათფორმის წარმომადგენელთა მტკიცებით, ახალციხის ციხემ რაბათში, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტის ჩატარების სანაცვლოდ იჯარა 300–დან 5 000 ლარამდე გაუძვირა. პირობების მოულოდნელად შეცვლა ადმინისტრაციამ მხოლოდ იმით ახსნა, რომ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მოთხოვნადია. ციხის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი აცხადებს, მათ შორის მოლაპარაკება 16 მაისს დაიწყო, თუმცა, მაშინ თანხასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მომხდარა.
კონცერტი დღეს, 8 ივნისს, 18:00 საათზე ახალციხის ციხის ნაცვლად, ქალაქის ცენტრში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ გაიმართება. ქალაქის თვითმმართველობა თუ თავდაპირველად ამაზეც უარს აცხადებდა, ამ დროისთვის მერიის პოზიცია ასეთია: კონცერტის ჩატარების დრო თეატრში სპექტაკლის გამართვის დროს ემთხვევა, რაც სავარაუდოდ სპექტაკლს ხელს შეუშლის.
შეუშლის თუ არა კონცერტი ხელს სპექტაკლს – თეატრში წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მსახიობები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მაყურებელი პრემიერაზე დასასწრებად არ მივიდეს და არც ისაა გამორიცხული, რომ ქუჩიდან შესულმა ხმაურმა სპექტაკლი გადაფაროს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კონცერტი 18:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო სპექტაკლი 19:00 საათზე იმართება
ადგილობრივი მკვიდრები ფიქრობენ, რომ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი ახალციხეში აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ღონისძიების ჩასაშლელად ხელოვნური ბარიერები არ უნდა შეიქმნას.
ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ღონისძებას საქართველოს მასშტაბით, ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით მართავს. პლათფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობას ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, როგორც ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის ჩვენებით, ასევე ამ გზაზე პრაქტიკული რჩევების მიწოდების გზით.