ვაკის პარკში სოფელ მუსხის მკვიდრის, ხალხური რეწვის ოსტატის მარიამ ჟუჟუნაძისა და მისი სკოლა–მუზეუმის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, მთელი დღის განმავლობაში მატყლის დამუშავების ტექნოლოგიას გაცნობოდნენ, ფარდაგის ქსოვის პროცეს დაკვირვებოდნენ და სახელდახელოდ გამომცხვარი, მესხური ტრადიციული კერძები – ლუხუმი და ბიში დაეგემოვნებინათ.
მესხი ხელოვანების ნამუშევრები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და ვაკის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს. ისინი მარიამ ჟუჟუნაძეს და მის მოსწავლეებს გაესაუბრნენ, ლუხუმი და ბიში გასინჯეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მუსხის სკოლა მუზეუმის მოსწავლეებისა და რეწვის ოსტატის გამოფენას ორგანიზება ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით გაუწია.
ორგანიზაციამ ღონისძიებაზე, ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გარკვეული ნაწილი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეიძინა.
|