ახალციხის კერძო სკოლის მოსწავლე ექვსი წლის მერი მერაბიშვილი სხვადასხვა სახის ნამუშევრებს ქმნის. გამოძერწილი ფიგურები, ნახატები და აპლიკაციები დღეს, 1 ივნისს, სკოლის დარბაზში გამოიფინა. პატარა ხელოვანის პერსონალური გამოფენა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
პრინცესები სხვადასხვა მულტფილმიდან, ყვავილებით სავსე კალათები, ციხე–კოშკები, აპლიკაციები და სხვადასხვა თემაზე შესრულებული ნამუშევრები – ახალციხის კერძო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლის მერი მერაბიშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო. „მზექა“–ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პატარა ხელოვანის შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო.
ნამუშევრების ნაწილი მერი მერაბიშვილმა სკოლაში სწავლის პერიოდში შექმნა. მათი უმეტესობა კი ახლობლებმა სახლიდან პერსონალური გამოფენისთვის მოიტანეს. პატარა ხელოვანის ბებია ამბობს, რომ თამაშის ნაცვლად მერის ურჩევნია საათობით ხატოს, ან პლასტელინით სხვადასხვა ფიგურა გამოძერწოს. მან გამოფენის პროცესში, თანატოლებისთვის ჩინელი ქალის ფიგურა და ყვავილებით სავსე კალათა შექმნა.
მერი რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად ახლახან ჩამოვიდა. დღეისათვის ბებიასთან იზრდება და ცდილობს ხელოვნების გარდა, სხვა საგნებიც საუკეთესოდ აითვისოს. აქვს საყვარელი ნამუშევარიც – პლასტელინით გამოძერწილი ვარდები.
პატარა ხელოვანს კლასის დამრიგებელმა და სკოლის დირექტორმა საჩუქრები გადასცეს. მერი მერაბიშვილის პერსონალური გამოფენა სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მისი ნამუშევრების დათვალიერება თანასკოლელებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეეძლოთ.