ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით, ახალციხის ციხეზე გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით – „ბალკანეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა: მე–6 – მე–18 საუკუნეები“. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის დიდი ადგილი პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის მონასტრიდან ხატებს, ხელნაწერებსა და ფრესკებს უკავია. ბულგარეთში აღნიშნული სავანე ბიზანტიაში მოღვაწე ქართველმა მხედართმთავარმა და სახელმწიფო მოღვაწემ გრიგოლ ბაკურიანის–ძემ 1083 წელს დააარსა.
ქართულ–ბულგარული ურთიერთობების გარდა გამოფენაზე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უძველეს სომხურ ხელნაწერებსაც გაეცნონ, რომელიც პეტრიწონის მონასტერშია დაცული.
გამოფენა ახალციხის ციხეზე მუზეუმების საერთაშორისო დღისა და ევროპის დღეებისა ფარგლებში გაიმართა. მის გახსნას ბულგარეთის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები დაესწრნენ. გამოფენა დაათვალიერა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმაც. მეუფე თეოდორეს თქმით, ღონისძება ცხადყობს, თუ რამდენად ღრმა მეგობრობა აკავშირებს ქართველებს ბულგარელ ხალხთან.
რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება აუცილებელია – აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი. ზაზა აბაშიძის თქმით, ასეთი გამოფენის გახსნა საქართველოში, კერძოდ კი ახალციხეში, მთლიანად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
გამოფენა ახალციხეში, ციხის ციტადელის საკონფერენციო დარბაზში ორი კვირის განმავლობაში დარჩება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.