"უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს პარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს - დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტი "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტებს პირველი მოსმენით ხუთშაბათს განიხილავს - პარლამენტის ბიურომ ეს ინიციატივები მიმდინარე კვირის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში შეიტანა.
„ხუთშაბათს გამოდის ორივე რუსული კანონპროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა. ახლა გაჩერება არ შეიძლება. ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს, ან არ ვჩერდებით. ბიუროზე ვერცერთ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გაგვცა. თითქოს ისტერიაშია ყველა, ჩვენც და მთელი მსოფლიოც, თითქოს პროპაგანდაა ის, რომ სტიგმატიზაცია უნდათ ადამიანების. ეშინიათ, ეს არის შიში, როცა ადამიანებს ასე უზღუდავენ გადაადგილებას პარლამენტში. არ გავჩერდეთ. ვიქნებით ყველგან, ვიბრძოლებთ ყველასთან ერთად. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გარეთ არის და ამბობს, რომ უნდა ვისწრაფოდეთ ევროპისკენ და ეს არის რუსული კანონი", - განაცხადა დეკანოიძემ.
გუშინ, 6 მარტს, ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიუროს გადაწყვეტილებამდე თქვა, რომ პარლამენტი პირველი მოსმენით ხუთშაბათს განიხილავდა ამ კანონპროექტებს.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.