სამცხე-ჯავახეთში არავის უკვირს, რომ ეთნიკური სომეხი მამაკაცების უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის.
გამონაკლისი არც სოფელი ვაჩიანია. საკმარისია, სოფლის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით აუყვე მიხვეულ-მოხვეულ გზას და დარწმუნდები, რომ ეს მოხუცების, ბავშვებისა და ქალების სოფელია - მამაკაცების გარეშე.
"პირველ ბავშვს რომ ვაჩენდი, სოფელში ერთი კაციც არ იყო, სამშობიაროში რომ წავეყვანე მანქანით. გამიმართლა და იმ დღეებში ჩემი ქმარი ჩამოვიდა რუსეთიდან, თორემ ალბათ შინ ვიმშობიარებდი,"- გვეუბნება 28 წლის ლენა ხაჩატურიანი. ლენა სიმონიანების რძალია. მათ ოჯახში თორმეტი წევრია - სამი ძმის სამი მეუღლე: ვოსკიად არზრუმციანი, მარინა ბაბოიანი, ლენა ხაჩატურიანი და ხუთი ბავშვი: სილვა, სათენიკი, ვართანი, ზარა, ზაირა და ბებია სათენიკ ხანახიანი.
კამერიანი გოგოს დანახვით გაკვირვებულ ოჯახის წევრებს ლენა ჩემი ჩასვლის მიზანს უხსნის: მხოლოდ მან იცის ცოტა ქართული და ცოტაც რუსული, ამიტომ მთელი ოჯახის სათქმელს თვითონ გვეუბნება:
"გამოზამთრებას ჯავახეთში სამი მანქანა შეშა სჭირდება, თითო 400 ლარი ღირს. ცალკე წივასაც ვამზადებთ საწვავად, შეშას რომ შევაშველოთ. ხუთი ბავშვია ოჯახში, რა უნდა ვქნათ, შეშას და სითბოს ვერ დავზოგავთ. სამსახური არცერთს არა გვაქვს. სოფელში მხოლოდ ბაღი და სკოლაა, სად უნდა დავსაქმდეთ? ჩვენი ოჯახის სამივე მამაკაცი რუსეთშია, როგორც ყველა. რომ არ წავიდნენ, შიმშილით დავიხოცებით. კარტოფილს სოფელში ჩამოსულ ვაჭრებს ხანდახან სხვა პროდუქტში ვუცვლით, მაგრამ ყველაფერს კარტოფილით ხომ ვერ იყიდი. ტანსაცმლის, შეშის, წამლისა და ბევრი სხვა რამისთვის კარტოფილით ვერ გადაიხდი, ვერც სოფლის სირცხვილ-ნამუსს გადაიხდი კარტოფილით."
"სოფლის სირცხვილ-ნამუსი" ყველა ოჯახს საგულდაგულოდ შენახულ რვეულში აქვს აღნუსხული: ვინ, ვისთვის, რა დროს და რა ოდენობის თანხა გაიღო: გათხოვებისას, პირველი შვილის დაბადებისას თუ ოჯახის წევრის გარდაცვალებისას. სოფელში თავს ყველა ვალდებულად მიიჩნევს, რომ თვითონაც ისე დაეხმაროს სხვებს ჭირსა და ლხინში, როგორც მას დაეხმარნენ.
ლენა ძალიან კარგი მოსაუბრეა, ენერგიული და ხალისიანი. არც ელოდება ჩემს კითხვებს, ისე ყვება თავის ცხოვრებაზე:
"ქმრებს მხოლოდ ახალი წლის დღეებში ვხედავთ, იანვარ-თებერვალში. მარტის დასაწყისიდან კი ისევ რუსეთში ბრუნდებიან. აქაურები იქ ძირითადად გზას აგებენ, სახლებს აშენებენ და მუშებისთვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ.
მამებს შინ რომ ეჩვევიან, მერე ბავშვებისთვის განშორება ძალიან რთულია. ვოსკიადის გოგონებს - ზარას და ზაირას ერთი თვე სიცხე ჰქონდათ, მამა რომ გააცილეს. მერე საერთოდ ავიწყდებათ ბავშვებს მთელი წლით წასული მამები და ჩამოსულებს ვეღარ ცნობენ. ქალებსაც ძალიან გვიჭირს: მარტო ვთესავთ კარტოფილს, მოსავალსაც მარტო ვიღებთ. ჩვენვე ვუვლით საქონელს და საოჯახო საქმეებსაც ვინაწილებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ოჯახი არ არის ასე, ყველა ასე ცხოვრობს. ვაჩიანი მარტო დარჩენილი ქალების სოფელია."
სანამ მე და ლენა ვსაუბრობთ, დანარჩენები დაგვფუსფუსებენ: ვოსკიადი და მარინა ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს გვიმზადებენ, ბავშვებს კენკრის კომპოტი ამოაქვთ სარდაფიდან. უცებ თეთრად დაფქვილული ბებია სათენიკიც ჩნდება ახალგამომცხვარი სომხური ლავაშით და უგემრიელესი ყველით. არავინ არავის არაფერს ეუბნება, ისე ხვდებიან ვინ, რა დროს და რა უნდა გააკეთოს.
"ბევრნი ვართ," - მეუბნება ლენა, როცა ვეკითხები როგორ ახერხებს ერთად ცხოვრებას სამი რძალი ხუთი პატარა ბავშვით, - "მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებით. თუ ჩემი რძლების მშობლები მოდიან სტუმრად, ვიცი, რომ საუბარი უნდა ვაცადო და მოვემსახურო: სუფრა გავაწყო, ბავშვები გავართო. ჩემი მშობლები როცა გვსტუმრობენ, ვოსკიადი და მარინაც ასე იქცევიან. გასაყოფი არაფერი გვაქვს. ყველას თანაბრად გვაქვს ყველაფერი, სამ რძალს სამი ძროხა გვყავს. წელს სამი ხბოც გაჩნდა. საქონელს მორიგეობით ვუვლით. როცა ერთ-ერთ ჩვენგანს დაბადების დღე აქვს, ჩვენი დედამთილი საჩუქრებს დანარჩენი რძლებისთვისაც ყიდულობს, გული რომ არავის დასწყდეს."
პურს ჯავახეთში ოჯახის უფროსი ქალები აცხობენ. სიმონიანების ოჯახი დიდია და ბებია სათენიკს ცომის მოზელასა და გაბრტყელებაში ყოველთვის უფროსი რძალი - მარინაც ეხმარება. ერთ ჯერზე უამრავი პური ცხვება, მთელი კვირის სამყოფი. ცხობისას თონეში დიდი მხიარულებაა. ბავშვები უფროსებს ცეკვა-სიმღერით ართობენ და თან ახლადამოყრილი პურით ილუკმებიან. ყველაფერი ნატურალურია: ყველი თითონ ამოჰყავთ, ხორბალიც ჯავახეთშია მოყვანილი და იქვე დაფქული.
"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები წლიდან წლამდე ჩვენს გაკეთებულს ვერაფერს ჭამენ და უცხო ქვეყანაში არიან გადახვეწილები," - მითარგმნის ლენა ბებია სათენიკის ნათქვამს.
საქართველოში ეთნიკური უმცირესობებიდან რამდენი შრომითი მიგრანტია წასული რუსეთში სამუშაოდ, არავინ იცის. ამ მონაცემების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. უმუშევრობა ხანდახან ენის არცოდნითაა გამოწვეული, მაგრამ სამუშაოს შოვნა პრობლემაა მათთვისაც, ვინც ენა ასე თუ ისე იცის.
სახელმწიფომ მთის კანონი რომ მიიღო და მაღალმთიანი რეგიონის საწარმოები შეღავათებით სარგებლობენ, ინფორმაციული ვაკუუმის გამო ჯავახეთში ეს ბევრმა არ იცის.
"ცოტას ვლაპარაკობ ქართულად, ახალქალაქის ენის სკოლაში დავდიოდი ერთი წელი, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ გვიან გავთხოვდი - 25 წლის. აქ ადრე ქორწინდებიან, თექვსმეტი წლიდანვე და მერე ენის სწავლისთვის ვისღა სცალია? ის ერთი წელი კარგად ვსწავლობდი ქართულს. მინდოდა თბილისში ჩამებარებინა, მაგრამ მშობლებმა ქალაქში მარტო არ გამიშვეს და ნელ-ნელა ისიც მავიწყდება, რაც ვისწავლე. ვის ველაპარაკო ქართულად? აქ ქართველი არავინაა, არც არავინ გვსტუმრობს არასდროს, რომ დაგველაპარაკოს და ენის სწავლის საჭიროება ვიგრძნოთ," - ამბობს ლენა.
ჩვენს საუბარში მოსაღამოვდა. ხვალ ორშაბათია და ბავშვები სკოლისთვის ემზადებიან - ჩანთებში წიგნებს ალაგებენ. სახლიდან სკოლამდე რომ მივიდნენ, სოფლის გრძელი, ატალახებული გზა უნდა გაიარონ. მათ მამებს კი იმ ქვეყნის გზებისა და შენობების აშენება-დამშვენება უწევთ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
"მთის ამბების" ბლოგი სოფელ ვაჩიანიდან.