პოლიტიკა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები სამცხე-ჯავახეთში
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში სხვადასხვა ფორმით ჩაერთვნენ მსხვილი მოთამაშეები. მხარეების მიერ ერთმანეთის შესახებ გავრცელებული ცნობებით, 27 სექტემბერს, გამწვავებულმა დაპირისპირებამ უკვე შეიწირა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. კონფლიქტის დაწყებიდან ორ დღეში, თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რას ნიშნავს ეს ომი სამცხე-ჯავახეთის სომხური თემისთვის?
კონფლიქტის გამწვავებისთანავე, ჯავახეთში - ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სომხეთის მხარდასაჭერად, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო. მოგვიანებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა აქცია ჯერ ნინოწმინდის საზღვართან გამართეს, სადაც სომხეთში მოხალისეთა გაშვებას და შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის - საკვების, მედიკამენტებისა და საბურავების გადატანას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე არ მისცეს.

აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, სომხეთის საზღვარზე, მხოლოდ საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული ჯერ ორი, მოგვიანებით კიდევ ოთხი სატვირთო მანქანის გადასვლა მოხერხდა.

კიდევ ერთი აქცია, ჯავახეთის მოსახლეობამ 29 სექტემბერს გვიან ღამით, კარწახის საბაჟოსთან გამართა, სადაც ადგილობრივები ,,თურქული ტრაილერების" საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ საათში გადაკეტილი ცენტრალური გზა გაიხსნა, აქციამ საბოლოოდ შედეგი მაინც გამოიღო. აქციის მონაწილეთა მცდელობამ დაეზიანებინათ თურქეთის მოქალაქის ავტომანქანა, მძღოლები აიძულა, კარწახის ნაცვლად მიმოსვლა ვალეს საბაჟოდან განეხორციელებინათ, რამაც ვალეს საბაჟოსთან კილომეტრიანი რიგები გამოიწვია.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ პარალელურად თანხის შეგროვება დაიწყო და მასშტაბური აქცია 6 ოქტომბერს, ახალქალაქში გამართა დევიზით - ,,ჯავახეთი არცახის გვერდით არის". აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ნაბიჯით მათ დანარჩენ მსოფლიოს აჩვენეს, რომ სომეხი ერი ერთ მუშტად არის შკრული. აქციაზე ასევე იმ ხუთი მებრძოლების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც წარმოშობით ახალქალაქის სოფლებიდან იყვნენ და მთიან ყარაბაღში დაიღუპნენ. მშვიდობიან აქციაზე გაირკვა ისიც, რომ რეგიონის მოსახლეობამ სომხეთის მხარდასაჭერად მილიონ ლარამდე თანხა შეაგროვა და თანამემამულეებს გადაურიცხა.

სომხურმა თემმა ოფიციალური თურქეთის განცხადება გააპროტესტა, რომელიც კონფლიქტში მონაწილე მხარის - აზერბაიჯანის მხარდაჭერას გულისხმობს ბრძოლაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან. ახალციხეში მცხოვრებმა სომხურმა თემმა სომხეთთან საზღვრის გახსნაში ქართულ მხარეს დახმარებაც სთხოვა.

კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელსაც ჯავახეთში გლოვობენ, სიმონ ავაგიანია, რომელსაც ბავშვობა ნინოწმინდის სოფელ სათხაში აქვს გატარებული.

მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუებში, ყველა მათგანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებები არის მათი ოჯახების პირადი ტრაგედია, რადგან ,,იქ გვყავს დები, ძმები, შვილები - ჩვენი ოჯახის წევრები. ჩვენ თუ ჯავახეთში ვცხოვრობთ, ჩვენი დედ-მამიშვილები მთიანი ყარაბაღში არიან წასულები და როცა იქ იღუპებიან, შენ როგორ უნდა იყო აქ მშვიდად?" - ეუბნება მეცხრე არხს ახალქალაქელი ვარდან ჩოლახიანი.

ინფორმაციული ომი საომარი მოქმედებების კვალდაკვალ

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებისთანავე, ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია როგორც საომარ მოქმედებებში ჩართულ მხარეებს შორის, ასევე საქართველოში. განსაკუთრებული აგრესია სოციალურ ქსელებში იგრძნობა, როდესაც სხვადასხვა შინაარსით გავრცელებულმა ვიდეოებმა მოქალაქეთა ნეგატიური ჩართულობა გამოიწვია. სწორედ ამის გამო, ახალციხელმა ვლადიმერ კირაკოსიანმა რუსულ ენაზე ჩაწერა მიმართვა, სადაც პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ოთხ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კირაკოსიანი მიმართავს,

1. სომხების იმ ნაწილს, ვინც ქართველებს ადანაშაულებს ღალატში;

2. იმ ქართველებს, ვინც სომხებს მხოლოდ ბაგრამიანის ბატალიონთან აიგივებს;

3. ნეიტრალურ საზოგადოებას, რომელიც დეზინფორმაციის მსხვერპლია და იმ

4. აზერბაიჯანელებს, ვისთანაც მეგობრობს დღემდე.



დარღვეული შეთანხმება და ომის ქრონოლოგია

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სალაპარკოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეეწყვიტათ, - ამის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა.

შეთანხმება მალევე დაირღვა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი მეორე დღესვე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსულენოვანი მედია აქტიურად ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს ზურგს ყველანაირად უმაგრებს თურქეთი. "ინტერფაქსს" მოჰყავს სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის სიტყვები, რომ - "ნატოს წევრი თურქეთი აზერბაიჯანს ეხმარება დრონებით, კიბერშეტევებით, მრჩევლებით, დაქირავებულებით და ავიაგამანადგურებელი F-16-ითაც კი".

თურქეთი შედის ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც უკვე 28 წელია საერთშორისო დონეზე კურირებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხს. თურქეთის გარდა, ამ ჯგუფში შედიან: აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი და ფინეთი.

ამ დრომდე წამოსული მესიჯებით, რუსეთი მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს - ,,დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკება დაიწყონ". თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, სწორედ რუსეთი შეეცდება, რომ კავკასიაში გაჩაღებული კონფლიქტი სათავისოდ გამოიყენოს.

საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ცდილობს ყარაბაღის 30 - ყველაზე სახიფათოდ მიჩნეული ფაზის შეჩერებას. თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მხარეები საბრძოლო განწყობას ინარჩუნებენ.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print