პოლიტიკა
"ახალციხის ციხეს" დირექტორი გიორგი ნათენაძე გახდა
ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს, ცხრა დეკემბერს, გიორგი ნათენაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარუდგინა. 

გიორგი ნათენაძემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლებთან ერთად, ბევრი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს.

გიორგი ნათენაძეს კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა აგროტურისტულ პროექტს სამცხე-ჯავახეთში. მან, 2008 წელს პირველი ტურისტული ორგანიზაცია „მესხეთის ტურები“ დააფუძნა, არის ხიზაბავრის ისტორიული ტერასების აღდგენისა და ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიებისა და აღდგენის იდეის ავტორი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი პრეზიდენტი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრი. ასევე, იგი სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის თავმჯდომარე და „ნათენაძის მარანის“ დამფუძნებელია.

„ახალციხის ციხის“ დირექტორმა თანამდებობა დავით ტაბატაძემ თითქმის, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით და პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს.
Print