„ახალციხის ციხის“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი დავით ტაბატაძე დაკავებულ პოზიციას ტოვებს. ის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. დეპუტატის მანდატი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოიპოვა.
დავით ტაბატაძე თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. უფლებამოსილება მას ხვალ შეუწყდება, რადგან სამ დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომაა ჩანიშნული.
„ახალციხის ციხის“ ახალ ხელმძღვანელს მერი, ირაკლი ლაზარაშვილი დანიშნავს. მანამდე კი დირექტორის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს.
დავით ტაბატაძე აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლის თებერვალში დაინიშნა.
„თითქმის, ოთხი წელი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ მუშაობით, ერთ რამეზე მწყდება გული, რომ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ბევრი კარგი პროექტი ვერ განვახორციელე. იმედია, რომ ახალი ხელმძღვანელი ჩვენს იდეებს განახორციელებს, რა თქმა უნდა ჩვენც დავეხმარებით“, - გვითხრა დავით ტაბატაძემ.