პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს მიმართ სანქციებს ხსნის
რუსეთი საქართველოს მიმართ სანქციებს ხსნის. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ თბილისი უკრაინას მხარს არ უჭერს. განცხადებას წინ უძღოდა 5 მარტის მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის, იუწყება ევროპეისკაია პრავდა.
,,რუსეთის მარეგულირებლის პრესსამსახური ირწმუნება, რომ შაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მწვერვალის მიუხედავად, მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლებს შორის".
მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, რუსული მხარე 6 მარტიდან ხსნის შეზღუდვებს ბელარუსში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების რუსეთში ექსპორტზე. თეთრ სიას 19 ბელარუსი მწარმოებელი დაემატა.
გარდა ამისა, მოლაპარაკების შედეგად რუსეთის ფედერაცია რძისა და რძის პროდუქტების 15 ქართველი მწარმოებლის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდის. რუსულ ბაზარზე შესვლას ასევე მოსალოდნელია ერთი მწარმოებელი აზერბაიჯანიდან.
,,გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღება EurAsEC-ის პარტნიორებთან შეთანხმების შემდეგ. მოგეხსენებათ, ბელარუსი გახდა რუსეთის ფედერაციის მთავარი მოკავშირე უკრაინაზე თავდასხმაში, რომელიც უზრუნველყოფდა მას თავისი ბაზებითა და ტერიტორიით. ამავდროულად, კიევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც ფარულად დაიჭირა აგრესორის მხარე”,_ წერია ინფორმაციაში.
Россельхознадзор-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს უწყების ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფიტოსანიტარიის სამსახურმა რუსეთისთვის არაერთი სახელმწიფოს მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე მიიღო.
რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.
მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალსვე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა, რომ ეს „მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორია (2021 წელს რუსეთი მე-2 ადგილს იკავებდა როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო პარტნიორებს შორის).
გააზიარეთ :