ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, ფეხქვეშ გათელვის დღეა - პრეზიდენტი
ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება.
„დღეს არათუ ირღვევა, არამედ ფეხქვეშ ითელება უფლებები: მშვიდობიანი აქციის ჩატარება; ცრემლსადენი გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ; ქიმიური ნივთიერების გამოყენება მათ მიმართ; სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც არ ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს; გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს; სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი როგორც დაკავების დროს, და რაც ნიშანდობლივია, დაკავების შემდგომ პერიოდში... ეს ყველგან დაგმობილია. სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა „წამება“, ესეც შევა ისტორიაში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.