"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ურავლის ხეობაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პოლიტიკოსი მიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივი მეთოდებით ვადაზე ადრე დაიწყო.
"ახალციხეში, სოფელ ურაველში, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე (ამავე სოფელში ჩვენი გამგებლობის კანდიდატი) შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცემეს.
კაპანაძეების ოჯახს მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა 3 მანქანით გადაუკეტეს.
მძიმედ ნაცემმა და ძირს დაგდებულმა 23 წლის შვილმა მოახერხა 2 თავდასხმელის გადაღება. ზურგით მდგომი არის ახალციხეში ოცნების დეპუტატის (კოპაძე) ბიუროს უფროსი. ლურჯ მაისურში კი ამ დეპუტატის მძღოლი.
"ოცნებამ" მათთვის ვადაზე ადრე დაიწყო ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. მშვენივრად იციან რომ წლევანდელი არჩევნები კოლექტიური ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, გოგაშვილებისთვის, ჯეჯელავებისთვის, ჩინჩალაძებისთვის და ა.შ იქნება ყველაზე მძიმე, რაც აქამდე ჩაუტარებიათ და შედეგიც აუცილებლად ადექვატური დადგება.
პ.ს. ქართული ოცნება / Georgian Dream Kakha Kaladze კახა კალაძე არც ერთ მსგავს ფაქტს არ გაგიტარებთ და + ბოლომდე დავიცავთ ყველა ხმას და არჩევნებში დახარჯული ფულიც უკან მოგრჩებათ" - ნათქვამია ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 ივლისს მომხდარს განცხადებით
გამოეხმაურა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც" და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ.
ურაველში მცხოვრები კაპანაძეებსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება
16 ივლისს საღამოს მოხდა. დაშავებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი ბეგლარ კაპანაძე მის 23 წლის შვილი და 82 წლის მამა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით
მიმდინარეობს.