ვინ ვეღარ ისარგებლებს EU-ში უვიზო მიმოსვლით
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისა და დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ მიიღო.
ამასთანავე, საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ.
უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ შემდეგი პირები: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები და დიპლომატიური პასპორტების სხვა მფლობელები.
აღნიშნული პირები შეზღუდვამდე სარგებლობდნენ განაცხადზე შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ამ პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას.