ჯანი ბუკიკიო: სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა
,,საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შვიდი წელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, როცა ამ წლების განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს.
სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"როდესაც დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, მიზნად დავისახეთ, რომ საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან გადასულიყო. როგორც ვიცი, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა ამ სისტემას მხარი არ დაუჭირეს და უმრავლესობამ პარტიაში მიაღწია კომპრომისულ ვარიანტს. ამ შეთანხმების თანახმად, ახალ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან დაიგეგმა.
ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ამ მოსაზრებაზე ვიმსჯელეთ დღესაც. საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 7 წელი ძალიან ბევრია. ვენეციის კომისიას ზეწოლის განსახორციელებლად არ აქვს არანაირი მექანიზმი. თქვენთან ინტერვიუში ვამბობ და ეს ჩაიწერება საბოლოო დასკვნაშიც, რომ გადადება არ არის კარგი. თუ გადაიდება 2024 წლამდე ახალ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ჩვენ არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ.
კარგია, რომ 2024 წლიდან ახალ სისტემაზე გადახვალთ. საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა ექნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პარლამენტში მეტ პლურალიზმს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 7 წელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, როცა ამ წლების განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა",-აცხადებს ბუკიკიო.