1 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა სოფელ კლდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში აღავლინა.
მეუფე თეოდორე ქადაგებისას, მრევლს წმინდა ნინოს შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
"ჩვენ ვმადლობთ წმინდა ნინოს და ვმადლობთ დედა ღვთისმშობელს, რომ ეს დიდი ბედნიერება მოგვანიჭეს მათ. მოგვანიჭეს ის დიდი ბედნიერება, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი რწმენის, ქრისტიანობის მატარებლები და ვიყოთ წილხვედრი ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ქვეყანა. სწორედ ამან განაპირობა, რომ იმ უმძიმეს და მტრულ გარემოცვაში, რომელშიც იყო ჩვენი საქართველო, მაინც შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, რწმენა შევინარჩუნეთ ენა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არანაკლებ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, არანაკლები განსაცდელების წინაშე ვართ, მე იმედს გამოვთქვამ და ვფიქრობ, რომ დედა ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს მფარველობით ჩვენ შევძლებთ გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. მთავარი არის მონდომება. მთავარია ვილოცოთ და უფალს შევთხოვოთ შემწეობა" – აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს–მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.
ნინოობა განსაკუთრებით აღინიშნება ნინოწმინდის მუნციპალიტეტის სოფელ ფოკაში, სადაც წმინდა ნინოს ჯვართან მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ყოველ წელს იკრიბებიან.
1 ივნისი, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე, განსაკუთრებულად სოფელ ფოკაში აღინიშნა. წმინდა ნინოს ჯვართან მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.
ნახეთ, რადიო
"ნორის" მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟი ფოკიდან.1 ივნისი, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე, განსაკუთრებულად სოფელ ფოკაში აღინიშნა. წმინდა ნინოს ჯვართან მომლოცველები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.
ნახეთ, რადიო "ნორის" მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟი ფოკიდან.