საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახდა.
ამის შესახებ წმინდა სინოდის კრების ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
სინოდის ოქმის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი.
სინოდის კრებამ დაადგინა: „საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
სინოდის კრების დასრულების შემდეგ, მამა ლონგინოზ სუარიშვილმა განაცხადა, რომ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ მოსაყდრის თემა იყო. მისივე ინფორმაციით, სასულიერო პირთა ნაწილი მოითხოვდა შესულიყო კორექტირება პატრიარქის განცხადებაში, რომელიც მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნას გულისხმობდა.
"პატრიარქის იმ ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ მეუფე შიო დასახელებული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. ზოგიერთმა პიროვნებამ საფრთხე დაინახა სიტყვებში - „პატრიარქის მოსაყდრედ“ და არა „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ“. უშუალოდ პატრიარქის მოსაყდრე ნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანას მოქმედი პატრიარქი ჰყავს, თანამმართველად მეორე ადამიანი ჰყავს. ნაწილმა მოითხოვა ამის კორექტირება, რომ განესაზღვრა როგორც ტახტის მოსაყდრე და არა პიროვნების. პატრიარქს ამის აბსოლუტური უფლება აქვს, რომ მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემდეგ, დროებით მმართველად დაენიშნა ის, ვინც გაუძღვებოდა სათავეში კრებას, რომელიც ახალ კანდიდატს გამოარჩევდა“, - აღნიშნა ლონგინოზ სუარიშვილმა.