მართლმადიდებლური სამყარო ვნების კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ კითხულობენ ადგილებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.
ვნების კვირის ყოველ ხუთშაბათს ფეხთბანვის რიტული მეორდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
29 აპრილს კი მრევლი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მძიმე დღისთვის ემზადება. პარასკევს უფალი იესო ქრისტე მოკვდავთა ცოდვების გამო ჯვარს ეცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში ღვთისმსახურება 14:00 საათზე შესრულდება.
|