7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია, ხარებას ზეიმობს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. ის აღინიშნება 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით).
ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
ცნობისთვის, XI საუკუნეში წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ I-ის ანდერძის თანახმად, „ხარებობას“ წმიდა დედაქალაქ მცხეთის დღესასწაული და კურთხევის დღე დადგინდა.
რაბათში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
მეუფე თეოდორემ დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ დღეს, მორწმუნეები განსაკუთრებულად ევედრებიან დედა ღვთისმშობელს და დღის განმავლობაში ლოცვას - ,,ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" რაც შეიძლება მეტად აღავლენენ.