რელიგია
მონიტორინგი ტიმოთესუბანში
ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება.
ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება.
ახალი ობიექტის ვიზუალური ფორმის შეთანხმების პროცესში ტომოთესუბნის რელიგიურ მსახურებთან ერთად, ეპარქიის მღვდელმთავარიც ჩაერთვება, რომელიც ტაძარში ამ დრომდე განხორციელებული შეუთანხმებელი ქმედების შესახებ ინფორმირებული არ იყო. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ვიზიტისას დადგინდა ისიც, რომ ინტერიერში საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოს მოწყობას ძეგლის ფიზიკური დაზიანება არ გამოუწვევია, რაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობას არ წარმოშობს.
,,უნებართვო სამუშაოები არ დაფიქსირებულა, ადგილი აქვს მხოლოდ ,,ემდეეფის" მასალით დადგმულ სათავსოს, რომელიც განკუთვნილია საეკლესიო ნივთების შესანახად. კონკრეტულ სიტუაციაში სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ რადგან ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის არის და წარმოადგენს მე–13 საუკუნის ძეგლს, საჭიროა კონკრეტული სათავსო შეიცვალოს" – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დიმიტრი მაჭავარიანი.
,,რაც შეეხება კარადას, როგორც იტყვიან რეკომენდაციაზე არ დავობენ, ჩვენ მივიღებთ მათ რეკომენდაციას, შევაფასებთ საეკლესიო წარმომადგენლობასთან ერთად, თუ მოგვეწონება ან უკეთეს გავაკეთებთ ან ტვითონ მოიტანენ და შემოგვთავაზებენ, ამის წინააღმდეგი ჩვენ არ ვიქნებით" – განმარტავს ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი.
გააზიარეთ :