საღამოს ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში წელს დასრულდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის მინაშენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსური სარესტავრაციო პროექტის მე-2 ეტაპის ფარგლებში ეკლესიის უკიდურესად დაზიანებულ და დეფორმირებულ არქიტექტურულ ნაწილზე, რომელსაც სახურავი და კამარა ჩამოშლილი ჰქონდა, საყრდენ კედელზე მოეწყო ყურებეტონის საძირკველი.
მინაშენის დასავლეთ სამლოცველოზე და აღმოსავლეთის მხარის მოცულობაზე სახურავი გადაიხურა ლორფინით. არქიტექტურული პროექტის თანამედროვე ჩანართის სახით, ნაგებობის შუალედური სივრცე მართკუთხა კვეთის რკინის მილების კონსტრუქციაზე მოწყობილი 10 მმ-იანი ნაწრთობი მინით დაიხურა.
ეკლესიის ინტერიერში არქეოლოგიური ზედამხედველობით 20 სმ-ის სიმაღლეზე მოჭრილი გრუნტის სიბრტყეზე აბულის თლილი ქვით მოეწყო ახალი იატაკი.
საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველ ეტაპზე სრულად რესტავრირდა ეკლესიის მთავარი დარბაზი, რომლის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა.
არქიტექტურული ნაგებობის ჯამურმა სარეაბილიტაციო ღირებულებამ 178 900 ლარი შეადგინა. სარესტავრაციო სამუშაოები კომპანია “არქიტექსმა” განახორციელა.