ოთხ დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ზეიმობს.
გადმოცემის თანახმად, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას ორმოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, რომ თუ შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.
უფალმა შეისმინა ანას ლოცვა. მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული – მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი გაუჩნდა.
მოხუცმა მშობლებმა გოგონა ტაძარში სამი წლის ასაკში მიიყვანეს. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მღვდელმთავარ ზაქარიას მუხლებზე შემოეხვია. ამ დღის შემდეგ მარიამი ღვთის სახლში იზრდებოდა.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ–ერთია და იგი ყოველი წლის 4 დეკემბერს აღინიშნება.
ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.