რელიგია
პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა. 2020 წლის 4 იანვარს კი პატრიარქს 87 წელი უსრულდება.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ილია მეორის აღსაყდრება
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.
ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.
პატრიარქის ,,მზიანი ღამე"
1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.
1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.
თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.
ილია მეორეს ბიოგრაფია
ილია მეორე (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და ნათალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.
1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს კი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ ილია მეორე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963-1972 წლები) რექტორი. 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა, 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
გააზიარეთ :