მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. ბარბარობა აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც.
მართლმადიდებლებმა წმინდა ბარბარეს ხსენების დღე ტაძრებში წირვით აღნიშნეს. საღმრთო ლიტურგია შესრულდა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაშიც. წირვის დასასრულს მამა ნიკოლოზი მრევლს წმინდანის ცხოვრებაზე ესაუბრა და ის სატანჯველი შეახსენა, რომელიც წმინდა ბარბარემ ქრისტიანობის გამო დაითმინა.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის
დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ
ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი
იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე
ქალწულობის აღთქმა დადო. ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან
ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ
ქრისტიანებმა გადაიბირეს და იგი წამებით სიკვდილის ღირსი იყო. ღვთის
შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი
დაითმინა.
მას თავი მამამ მოკვეთა, რისთვისაც დიოსკორე და მარკიანე უფალმა
დასაჯა.
ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.
|