რელიგია
აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ
სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
„სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი.
მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შესაბამისად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი მოაწერა.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.
გააზიარეთ :