საკლავი უფლის სახელზე – ტრადიცია გრძელდება
საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უფლის სახელზე საკლავის, უმეტესად - ცხვრის დაკვლის ტრადიცია. საკლავს ავადმყოფობისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს უფალს აღუთქვამენ ხოლმე. მარიამობის დღესასწაულს ამ ტრადიციის გარეშე ახალციხეში არც წელს ჩაუვლია. წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის ეზოში, მრევლის ნაწილი უფლისთვის შესაწირი ცხვრებით მივიდა, ეკლესიას შემოატარეს, ლიტურგია "მოასმენინეს" და წავიდნენ.
სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის პერიოდში აღესრულებოდა, როდესაც ღვთისმსახურების მთავარი ელემენტი სწორედ მსხვერპლის შეწირვა იყო. ზვარაკად უნდა შეეწირათ მამრობითი სქესის ცხოველი: ხარი, კრავი, თიკანი, - ან ფრინველი: გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ეს ცხოველი ან ფრინველი მთელი უნდა დაეწვათ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანი სულით, ხორცით და მთელი არსებით ღმერთს იყო მინდობილი.
სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ძველი აღთქმისეული მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი ჯვარცმის დროს იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლზე მიანიშნებდა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობის გამოსყიდვა მოხდა - კაცი და ღმერთი შეიწირა ადამიანის ცოდვებისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა, რომლის შემდეგაც ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ აღესრულება. ამის ნაცვლად ეკლესიაში უსისხლო მსხვერპლშეწირვა პურითა და ღვინით ხდება, რომელიც საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას უფლის უხრწნელ ხორცად და სისხლად გარდაიქმნება.
"ფსალმუნში წერია: "აღუსრულე უფალს აღნათქუმაი შენი". რასაც აღუთქვამ, ის უნდა აასრულო. შენი ნებაა, რას აღუთქვამ, მთავარია, რა გულით იქმ ამას და რამდენად აასრულებ დანაპირებს. თუ რას შესწირავ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რათქმაუნდა, შეიძლება ცხვრის შეწირვაც, მაგრამ ეს მეგობრების დაპურებისა და ნაყროვანების საბაბად არ უნდა იქცეს. ასეთი უწესო საქციელი ღვთის მიერ არ შეიწირება. შესაწირი უნდა იყოს გაცემა და არა განცხრომა" – განმარტავენ სასულიერო პირები.