გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი - მეუფე შიო
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, ქორეპისკოპოსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო განცხადებით, წელს, საქართველოში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი აღინიშნება.
მისი განმარტებით, დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი გვავალდებულებს, განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე და მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან.
"წელს, საქართველოში აღინიშნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. მის მიერ აშენებული გელათის მონასტერი, ეს არის სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების. ეს მონასტერი ჩვენ გვავალდებულებს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე, მოვლაზე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო დიდი მეფისგან. შრომატევადი და ურთულესი საქმე, ღვთის შეწევნით დაგვირგვინდება დიდი წარმატებით და ყველანი ერად გავიხარებთ", - განაცხადა მეუფე შიომ.
„გელათის უნიკალური ხუროთმოძღვრული ანსამბლის უნივერსალური ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ. გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, - განაცხადა პრემიერმა და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
მთავრობამ და ეკლესიამ შევიმუშავეთ ერთობლივი გეგმა, რაც იყო საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას.