მართლმადიდებლები ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობენ
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან, ქალაქ ნაზარეთში იშვა.
იოაკიმე, წმინდა მარიამის მამა იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო დედა, ანნა აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული.
იოაკიმე და ანნა, უფლის რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობდნენ და ღვთის მცნებებს ყოველთვის სუფთა გულით იცავდნენ. მათ შვილი არ ჰყავდათ, უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა, რადგან იმ დროს უშვილობა უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფადაც კი ითვლებოდა. 50 წლის განმავლობაში უნაყოფობის გამო იჩაგრებოდნენ. შემდეგ კი უფალმა მათი თხოვნა შეისმინა და უშვილო მშობლებს შვილი აჩუქა.
იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოსის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი ღვთის დედა გახდა და ამით ყოველივე შექმნილის იმედად იქცა.