ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მმართველი კორონავირუსით გარდაიცვალა
მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელიც სამი წელია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, კორონავირუსის დიაგნოზით, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ საპატრიარქოს პრესსამსახურში.
„დღეს დილით გარდაიცვალა. სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, კორონავირუსიც ჰქონდა“, - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მეუფე ლაზარე ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი 1955 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისში დაიბადა.
წმინდა სინოდის წევრი 1997 წელს ბერად აღიკვეცა, 2014 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს. ამავე წელს დანიშნეს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად.
2017 წლის 2 იანვრიდან ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნეს.