რატომ არ წაიკითხეს ეკლესიებში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ტრადიციისამებრ ტაძრებში ლიტურგიის დაწყებამდე არ წაუკითხავთ. მიმართვა, რომელსაც მრევლი მთელი წლის განმავლობაში ელოდება, ამ დრომდე არ გავრცელებულა. ტრადიციულად უწმინდესი ამ წერილში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი გადაჭრის გზებზე საუბრობს- ხოლმე.
არსებული ინფორმაციით, ეპისტოლეს საბოლოო ვარიანტში ილია მეორემ შესწორების შეტანა ბრძანა, თუმცა მისი ჩასწორება ტექნიკურად ვეღარ მოესწრო. რა საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, უცნობია.
სპეციალისტების თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნება არ მოხდა.
"როგორც ჩანს ეპისტოლე დაწერილი იყო. რაღაც საკითხზე ვრ შეთანხმდნენ და მერე უბრალოდ აღარ წაიკითხეს, რაც ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ რომ ყოველ შობას და აღდგომას ეკლესიის მეთაური მრევლს ულოცავს და მიმართავს ეპისტოლით, რომელშიც ის საუბრობს ამ კონკრეტული დღესასწაულის მნიშვნელობაზე. ეს არის მართლაც პრეცედენტი, როდესაც პატრიარქმა არ მიულოცა თავის მრევლს შობა. ალბათ ამ დღეებში გამოაქვეყნებენ ამ ეპისტოლეს, მაგრამ რამდენად იქნება ეს მნიშვნელოვანი, ვერ გეტყვით" - აცხადებს თეოლოგი გოგა ბარნოვი.
სასულიერო პირების განმარტებით, მათთვის უცნობია რატომ არ გამოქვეყნდა საშობაო ეპისტოლე. მის ნაცვლად მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა.
„მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. საერთოდ, ეს ტრადიცია არის ეკლესიაში. ყოველ აღდგომას იკითხება იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვა და წელს იყო წაკითხული მისი საშობაო სიტყვა. ადრე არ წაგვიკითხავს არასოდეს და მგონი, ძალიან საინტერესო იყო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
როგორც არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.