ვილოცოთ, 6 წელი დაგვრჩა - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
სააღდგომო ლიტანიობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს მაღალი იერარქები გამოეხმაურნენ. ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ილია მეორეს გზავნილებს საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
,,დღეს ჩვენი პატრიარქი ისეთ მდგომარეობაშია, ყოველი სიტყვა ხანდახან არ გვესმის ჩუმად ლაპარაკობს და მივაყურადებთ ხოლმე, რომ ერთი სიტყვა არ დაგვეკარგოს, ისეთ მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს და გადაწყვეტილებებს ღებულობს ქვეყნისთვის. ვილოცოთ, 6 წელი დაგვრჩა და ეს 6 წელი თუ პატრიარქთან გავატარეთ, პირობას გაძლევთ, რომ საქართველო ამ პერიოდისთვის ყოველგვარი კრიზისიდან გამოსული იქნება" - განაცხადა მიტროპოლიტმა.
სავარაუდოდ, მიტროპოლიტმა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდი იგულისხმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის საჭეთმპყრობელი 1977 წლის 25 დეკემბერს გახდა. ექვსი წლის შემდეგ პატრიარქის აღსაყდრებიდან 50 წელი შესრულდება.