აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში, ამაღლების სახელობის ტაძარში დააბრძანებენ
დღეს, 12 მაისს 18:00 საათზე ხატს, აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძანებენ.
მას მრევლი და სასულიერო პირები ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან დახვდებიან. ეკლესიაში მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები აღევლინება.
13 მაისს ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 10:00 საათზე საზეიმო წირვას წმინდა სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასასრულს, ტაძარს პატრიარქი ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ვიზიტს დაასრულებს.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ოცი საუკუნის შემდეგ, წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზას გადის. ხატს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ბორჯომისა და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ მომლოცველნი მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძარში მიეგებებიან. საბოლოოდ კი ხატი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. იგი არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძემ), მრევლთან და შემომწირველებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმში ჩააბრძანა. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავების მოლოცვის შემდეგ, მომლოცველებმა აწყურის ხატი იტალიის ქალაქა მალფიში წააბრძანეს, სადაც ანდრია მოციქულის წმიდა ნაწილებია დავანებული. საქართველოში ხატის შემობრძანება ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ კვირეულს დაამთხვიეს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა.