ორ თებერვალს კათოლიკური ეკლესია მირქმას აღნიშნავს
დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას, ანუ მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.
„ორმოცი დღე გავიდა შობის ბრწყინვალე დიდ დღესასწაულიდან. დღესაც ზეიმობს ეკლესია და აღნიშნავს იმ დღეს, როცა მარიამმა და იოსებმა ტაძრად წარადგინეს იესო. იმ წესით უფალი დაემორჩილა ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებებს, მაგრამ სინამდვილეში იგი მოდიოდა თავის ხალხთან შესახვედრად, რომელიც რწმენით მოელოდა მას. სული წმიდის შთაგონებით მოვიდნენ ტაძარში წმიდა უხუცესნი: სიმეონი და ანა; იმავე სულით განათებულებმა შეიცნეს უფალი და სიხარულით აღიარეს იგი", - ვკითხულობთ რომაულ კონდაკში.
ტრადიციის მიხედვით, ნათლიამ ნათლულს "მირქმის სანთელი" უნდა აჩუქოს. ამ დღეს, ოჯახის ყველა წევრის სახელზე თითო სანთელს ანთებენ, რომლებიც წირვის დროს იკურთხება და მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ. მისი დანთება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახლში გაჭირვება ან ავადმყოფობაა.