რატომ იხარშება ხორბალი მარხვის პირველ შაბათს და რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
შაბათს, მარხვის პირველ კვირას, ტაძრებში ცოცხალთა სახელზე იკურთხება წანდილი - კოლიო. ხორბალი სახლში უნდა მოიხარშოს პარასკევ საღამოს.
ამ დღეს წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება. აღესრულება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და წანდილის კურთხევა, რის შემდეგაც ურიგდებათ მორწმუნეებს.
წმინდა თეოდორე ტირონი მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.
წმინდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ მეფემ იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან კონსტანტინეპოლის გამგებელს უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორე ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს და გააფრთხილა, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.