დღეს მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია სამ დღესასწაულს აღნიშნავს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოს წილხვდომილობის დღეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებას (ანდრიობა) და მახათობას - მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დღესასწაულს.
საქართველოს განმანათლებელი, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
დღეს, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, საულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.