უფლებადამცველები ფლატეში მეჩეთის დანგრევის გამო გამოძიების
განახლებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა
ცენტრმა“ მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა. საქმე
გამოსაძიებლად, ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა მიმართა, რომელიც ადიგენის რაიონულ სამმართველოში დღეს დაიკითხა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მას გუშინ საღამოს, უხეში ტონით დაურეკეს და დაკითხვაზე დაიბარეს.
იურისტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ 2007–08 წლებში, სოფელში, მეჩეთის დანგრევის შემდეგ, ქვები ზარზმის მონასტრის გალავნის მშენებლობას მოხმარდა და ეს ტაძრის წინამძღვარის, მამა ნიკოლოზ გეწაძის ინიციატივით მოხდა. თავად მამა ნიკოლოზი, ფაქტს უარყოფს და განმარტავს, რომ გალავნის მშენებლობის დროს იგი ტაძრის წინამძღვარი არ ყოფილა, შესაბამისად პროცესში მონაწილეობასაც ვერ მიიღებდა.
უფლებადამცველები სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლებას გამოძიების ხელოვნურად შეჩერებაში ადანაშაულებენ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფლატეს მეჩეთის საკითხი სამცხე–ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ მათთან საუბრის დროს გააჟღერა. აღნიშნულის შემდეგ უფლებადამცველები საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ საქმეზე გამოძიება დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეჩერდა.
სოფელ ფლატეში არსებულ შენობასთან დაკავშირებით, 25 დეკემბერს 12:00 საათზე, ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძის დაკითხვაა დაგეგმილი, ხოლო 14:00 საათზე ჩვენებას სამართალდამცველებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე მისცემს.
|