დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ მირაშხანთან მდებარე ტაძარში, სადაც მრევლი ყოველი წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან იკრიბება.
მორწმუნეები ტაძრამდე მისასვლელად, ყოველწლიურად, მდინარე მტკვარზე ფეხით გადადიან, რადგან კლდეში ნაკვეთ ეკლესიამდე მოხვედრა სხვაგვარად შეუძლებელია. ამით მრევლი, ტაძრის მოლოცვამდე განბანვის ერთგვარ რიტუალს ასრულებენ. მომლოცველების რწმენით, ყოველ 11 სექტემბერს მტკვრის დონე იმდენად იკლებს, რომ მათ ფეხით გადასვლის საშუალება ეძლევათ.
ადგილს, სადაც იოანე ნათლისმცემლის სახელობის კლდეში ნაკვეთი ტაძარი მდებარეობს, “თავკვეთულას” უწოდებენ. მას პირველად, სოფელ ვარძიაში მცხოვრებმა ბაგრატ დევნოსაძემ მიაკვლია. წლების შემდეგ კი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, სამცხე–ჯავახეთში წმინდა ადგილების მოლოცვის დროს, ხელახლა აღმოაჩინა, რის შემდეგაც მეუფე იობი მრევლთან ერთად თავკეთულას ორი წლის განმავლობაში, ყოველ 11 სექტემბერს სტუმრობდა. თანდათან მომლოცველთა რიცხვი გაიზარდა. რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის განმარტებით, თურქთა ბატონობის პერიოდში დამპყრობლები ქართველებს თავს კვეთდნენ და კლდეებიდან ყრიდნენ. ამ ადგილს “თავკვეთულა” სწორედ ამის გამო შეარქვეს.
წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.
წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას წმ. ნათლისმცემელი სძულდა.
სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. მან ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.