17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება
ბარბარობის სადღესასწაულო წირვას ახალციხეში, მიტროპოლიტი თეოდორე წმ. შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ეპარქიის მღვდელმთავარი მრევლს დღესასწაულს მიულოცავს. წმ. ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველია.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო. ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა და განუცხადა, რომ ქრისტიანებმა გადაიბირეს და იგი წამებით სიკვდილის ღირსი იყო.
ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მას თავი მამამ მოკვეთა, რისთვისაც დიოსკორე და მარკიანე უფალმა დასაჯა.
ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება. წმინდანს ავადმყოფობისა და უცაბედი გარდაცვალებისგან დახსნისთვის ევედრებიან.