სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია, დაახლოებით ერთი თვე არ შეიქმნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2 დეკემბერს იგეგმება, სადაც კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ.
როგორც ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, სამუშაო ჯგუფში ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რომელთაც პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნებათ.
სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ 26 ოქტომბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. „მეცხრე არხის“ კითხვაზე, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კომისია, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასა და პოლიციას შორის მოხეში 18 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობის ბიბლიოთეკად გადაკეთება გადაწყდა. მუსლიმები ამბობენ, რომ ეს შენობა ძველი მეჩეთია და მის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვენ, ქრისტიანები კი ირწმუნებიან, რომ იგი ეკლესიის ქვებითაა აშენებული და მასში ისეთი რამ უნდა განთავსდეს, რითაც მთელი სოფელი ისარგებლებს.
|