მართლმადიდებლები შენდობის დღეს აღნიშნავენ
ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.
დღეს, 26 თებერვალს, ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესის აღვლენისას კათოლიკოს პატრიარქი ილია II ითხოვს შენდობას.
,,მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. ვინც არ შეუნდობს მას არ ასცდება სასჯელი ღვთისა“,- წმ.იოანე ოქროპირი.
მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა ,,გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის”.
დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.
ყველიერის კვირის დასრულების შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც წელს, 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.