მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
ლაზარე ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
ლაზარეს შაბათი ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.
უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.
ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. ორი დღე დარჩა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა. ეს უფლის დიდი სიყვარულით გახლდათ გამოწვეული.
უფლის სიყვარული ყველას მიმართ უსაზღვროა. ქრისტეს მიერ ადამიანებისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ჯვარზე გაკვრაა. მაცხოვრის ჯვარცმა, ერთის მხრივ, უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, მეორეს მხრივ – უდიდესი განსაცდელი მისი მოწაფეებისათვის. ვერც ერთი ჩვენი პიროვნული განსაცდელი ამას ვერ შეედრება, რაც შემდგომ უბრწყინვალესი აღდგომის სიხარულით შეიცვალა მოციქულთათვის და ყოველთა მართლმორწმუნეთათვის.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.
ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.
ლაზარეს ორი საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე. საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!".
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.