რას ნიშნავს წმ.ცეცხლის გადმოსვლა და როგორია მისი ისტორია?
აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში.
„ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრება, ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველი აღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონების წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს.
ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმიდა იაკობის ტაძრის გავლით აღდგომის ტაძრის საკურთხევლისკენ მიემართება და მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. რამდენიმე წუთის შემდეგ საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები და ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელებზე ემთხვევიან. შემდეგ ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება.
მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 ბაირაღით, მას სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მოსდევს იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მსვლელობა ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლის გალობით, შემდეგ სამგზის კუვუკლიას და ჩერდება მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან.
კუვუკლიაში შესვლის წინ პატრიარქი განიმოსება, განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს და კვართითღა რჩება. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.
ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, სასიამოვნო და ასევე, მისი ღვთაებრივი ნიშანია, რომ გარდამოსვლიდან 10-15 წუთის მანძილზე ცეცხლი არ წვავს, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ეს უდიდესი სასწაული.
მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას ესწრება უამრავი ჩვენი თანამემამულე. უკვე რამდენიმე წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.
ზეციური ცეცხლი და პირველი ცნობები
პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.
იერუსალიმში ჩასული ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი მოგვითხრობს: “დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმევა “კირილეისონ”, ჩამოდის ანგელოზი და ანთებს კანდელს… პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს, ხოლო იგი – მრევლს.”
ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, კესარიის მიტროპოლიტი არეფა X საუკუნის დასაწყისში წერდა: “ქრისტიანები დგანან აღდგომის ტაძარში და აღავლენენ უფლის სადიდებელ ლოცვას – უფალო შეგვიწყალე. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება ელვა, რომელიც ანთებს კანდელს, საიდანაც ცეცხლს იღებენ იერუსალიმის მცხოვრებნი.”
IX-XVI საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა წყაროებში 45 უტყუარი ისტორიული მოწმობაა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლისა.
გამონაკლისი იყო მხოლოდ 1001 წელს, როდესაც ის მომდევნო დღეს – აღდგომის კვირას გამოჩნდა და კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც ელვამ ტაძრის კარიბჭის სვეტი გახლიჩა და წმინდა ცეცხლი იმ ადგილიდან, სადაც საუკუნეებია, ეს სასწაული ხდებოდა, რამდენიმე მეტრში გადმოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთის მიხედვით, ოსმალო სულთნის ხელშეწყობით სომეხ სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ტაძარში არ შეუშვიათ და დიდ შაბათს ლოცვათავად ჩაუტარებით, მაგრამ ცეცხლი გარეთ მხოლოდ იმ სვეტზე გადმოსულა, რომელთანაც ბერძენი მართმადიდებელი ეპისკოპოსი იდგა თავის სამწყოსთან ერთად.
ქრისტეს აღდგომის (აღმოსავლური ტრადიციით), ანუ უფლის საფლავის (დასავლური ტრადიციით) ტაძარი IV საუკუნეში აშენებულა. ქართველი ბერები წმინდა მიწაზე უკვე ამ ეპოქიდან ჩანან. X საუკუნიდან აღდგომის ტაძრის ნაწილი ქართველთა ხელთაა.
1899 წელს ეპისკოპოსმა პეტრე კენჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში და აღწერა – “დღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისა.“ ამ მონათხრობით დავინახავთ, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა 115 წლის შემდეგაც. “დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი… დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო:
ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ” და „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა”! შესავალი კუვუკლიისა ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა… საფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა.
ქრისტეს აღდგომის (აღმოსავლური ტრადიციით), ანუ უფლის საფლავის (დასავლური ტრადიციით) ტაძარი IV საუკუნეში აშენებულა. ქართველი ბერები წმინდა მიწაზე უკვე ამ ეპოქიდან ჩანან. X საუკუნიდან აღდგომის ტაძრის ნაწილი ქართველთა ხელთაა.
ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკლესიაში აღელვება, ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ-ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა… წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა.”