საპატრიარქო 17 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში დოქსოლოგიას(ლიტურგიაში ტერმინი მამა ღმრთის, ქრისტეს ან წმიდა სამების სადიდებელ ფორმულას აღნიშნავს)აღასრულებს, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
„2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დოქსოლოგიას აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე, რის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!“-ნათქვამია ინფორმაციაში.