რელიგია
მორწმუნეებმა წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობა ფოკიდან დაიწყეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში. სადღესასწაულო წირვა იმ ადგილზე აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდა ნინომ შეისვენა.
წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. ისინი ფეხით მსვლელობას მართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 35 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს.
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.
გააზიარეთ :