უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 26 ივნისს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული მასშტაბურად სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღინიშნება, სადაც საზეიმო წირვა აღევლინება.
საღმრთო ლიტურგია ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ და რუმინეთის ქალაქ რიმნიკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ბარსანოფმა აღავლინეს. წირვას რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძეც ესწრებოდნენ.
წირვის დასრულებისას მთავარეპისკოპოსმა ბარსანოფმა უდის ტაძარს საჩუქრად ანთიმოზ ივერიელის ხატი გადასცა.
ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, იგი სოფელ უდიდან იყო და თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაიტაცეს. ინფორმაცია, რომ ანთიმოზ ივერიელი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება.
საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. მისი ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც.
იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.
დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება. ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.