30 ივნისს წმ.შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება
10:55 / 30.06.2024
9 აპრილზე მდებარე წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ. წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რუმინეთიდან, ქალაქ რიმნიკუ - ვილჩასს მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს. მათ ტაძარში შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცეს და წმინდა შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს. წირვის დასრულების შემდეგ ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სასულიერო პირები ერთგული მსახურებისთვის დაჯილდოვდნენ.
სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი, XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.
ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა. უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა. სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა. წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი ქალაქ ახალციხეში 2020 წლის 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. ეკლესია 11 წლის განმავლობაში შენდებოდა.