რელიგია
დეკანოზ გაბრიელ ბურჭულაძეს კვირას დაკრძალავენ
21 სექტემბერს, გარდაიცვალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ბურჭულაძე.
დეკანოზს კვირას, 24 სექტემბერს, სოფელ მუსხის წმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მამა გაბრიელი 10 სოფლის მოძღვარი იყო და გარდა სოფელი მუსხისა, მსახურობდა ურაველში, ხეოთში, წყორძაში, ანდრიაწმიდაში, ანდაში, ჭობარეთში, ზველში, სახუდაბელში და ორგორაში.
ჟურნალ "ამბიონთან" ინტერვიუში დეკანოზი მესხეთში ჩამოსვლას იხსენებს:
,,თბილისში დავიბადე და გავიზარდე. წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის (ნ.ჩხეიძის ქუჩაზე) მრევლი ვიყავი. დრო გადიოდა და საბოლოოდ უფლის წყალობით გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. მოძღვრისგან, დეკანოზ რევაზ ოთარაშვილისაგან კურთხევა ავიღე, მან მომიწონა გადაწყვეტილება.
ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა არის უფალთან ყოფნა, იგი ყველას გვანუგეშებს, რა განსაცდელიც არ უნდა გადაგვხდეს თავს. თავდაპირველად, თბილისის სასულიერო სემინარიაში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ მსურდა ქალაქიდან მოშორებულ ადგილზე ვყოფილიყავი.
მესხეთი
ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა, როდესაც შეიტყო ჩემი განზრახვა, მირჩია რომ მესხეთში, საფარის მონასტერთან არსებულ სასწავლებელში წავსულიყავი. მე ძალიან მომეწონა ის გარემოება, რომ მონასტერთან ახლოს ვისწავლიდი და საფარაში წავედი. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი, მყავდა და მყავს ორი ქალიშვილი, ქეთევანი და ბარბარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ბევრმა მეგობარმა უცნაურად მიიღო, მაგრამ მთელი გულით მწყუროდა ღმერთთან სიახლოვე და უფალს მინდობილი ვმოქმედებდი. 2003 წელს ჩავაბარე საფარის მონასტერთან არსებულ გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.
საფარაში სწავლისას მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მეუფე თეოდორემ დიაკვნად მაკურთხა, 2006 წელი სრულდებოდა მაშინ. ორი წლის შემდეგ კი მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს ურავლის ხეობაში, სოფელ მუსხში. ამ კუთხემ საოცარი შეჩვევა იცის, ისეთი მადლიანი მხარეა, ძალიან გულიანი ხალხი ცხოვრობს. მართალია მე თბილისიდან ვარ, მაგრამ უკვე მუსხელი მღვდელი გავხდი, ურავლის ხეობის სოფლებს ვემსახურები. ამ ხეობაში ყველა ჩემი სულიერი შვილია, მათ ერთმანეთისგან არ განვარჩევ, მიუხედავად სოფლების დაშორებისა. ისინი ერთი დედაეკლესიის მრევლს წარმოადგენენ. აქაურობას ისე შევეთვისე, რომ სიკვდილამდე არ მივატოვებ ჩემს ძმებს" – აღნიშნავდა მამა გაბრიელი ინტერვიუში.
ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://shorturl.at/dBU03
გააზიარეთ :